თურქეთი უკრაინულ არმიას საჩუქრად გადასცემს „ბაირაქტარებს“, რომელთა შესაძენადაც თანხას ლიეტუვაში აგროვებდნენ
02/06/2022 12:47:40 მსოფლიო
თურქეთი უკრაინულ არმიას საჩუქრად გადასცემს „ბაირაქტარებს“, რომელთა შესაძენადაც თანხას ლიეტუვაში აგროვდებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი ავრცელებს.
„წარმოუდგენელია, მაგრამ თურქეთი ახლახანს დათანხმდა, რომ „ბაირაქტარიები“, რომელთა შესაძენადაც თანხას ლიეტუვა აგროვებდა, უფასოდ გადასცეს უკრაინას. ეს საოცრებაა. ჩვენს მიერ შეგროვებული თანხით კი სხვა აღჭურვილობას შევიძენთ. ეს ფული ასევე დაიხარჯება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა თურქეთს“, – წერს ანუსაუსკასი სოციალურ ქსელში.
მანამდე, ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას უკრაინის არმიის საჭიროებისთვის „ბაირაქტარის“ "დრონების" შესყიდვის შესახებ. მისი თქმით, ამ მიზნით ლიეტუვის მოქალაქეებმა 3 დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


