უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა: "შავ ზღვაში რუსული ძალების გასაძლიერებლად სევასტოპოლიდან "ადმირალი მაკაროვი" დაიძრა"
23/05/2022 06:52:30 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსული ძალების გასაძლიერებლად სევასტოპოლიდან რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ახალი გემი "ადმირალი მაკაროვი" დაიძრა.
მისი ცნობით, "ადმირალი მაკაროვი" შავ ზღვაში მყოფი რუსეთის 7 მსხვილი სადესანტო და 2 სარაკეტო გემისკენ მიემართება.
რუსული წყაროების თანახმად, სარაკეტო გემი „ადმირალი მაკაროვი“, რომელიც სირიაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად რუსეთის სამხედრო ოპერაციაშიც მონაწილეობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღეებიდანაა ჩართული და მარტში, ზღვიდან საარტილერიო ცეცხლით ეხმარებოდა ქალაქ მარიუპოლზე რუსეთის სახმელეთო ძალების შეტევას. მოგვიანებით, იგი სევასტოპოლში გადაიყვანეს.
21 მაისს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ შესაძლოა, „ადმირალი მაკაროვი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გახდეს.
19 მაისს Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თეთრი სახლი მუშაობს უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების გადასაცემად. ექსპერტთა განმარტებით, უკრაინას ამ რაკეტებით შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს ყველაზე დიდი რუსული გემები.


