"თურქეთის დასარწმუნებლად შვედეთ–ფინეთის დელეგაციებმა ანკარაში ჩამოსვლით თავი არ უნდა შეიწუხონ"
16/05/2022 17:59:52 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
"ნატო–ში გაწევრიანებაზე მხარდაჭერაში თურქეთის დასარწმუნებლად შვედეთ–ფინეთის დელეგაციებმა ანკარაში ჩამოსვლით თავი არ უნდა შეიწუხონ", – განაცხადა ერდოღანმა.
ანკარაში აცხადებენ, რომ "შვედეთი და ფინეთი ტერორისტებს იცავენ".
თურქეთი ტერორისტად მიიჩნევს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლებსა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს, რომლებსაც ანკარა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
15 მაისს შვედეთის თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰულტკვისტის განცხადებით, შვედეთი თურქეთში დიპლომატებს გააგზავნის, რათა ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობები გადაილახოს.
ცნობისთვის: 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.
მოგვიანებით, ნატო-ში აღნიშნეს, რომ "ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იქნება".
იხილეთ ასევე: სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
ამავე თემაზე : "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს.


