სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე
05/05/2022 20:22:12 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განმარტავს, როგორ უზრუნველყოფს ნატო შვედეთის უსაფრთხოებას გარდამავალ პერიოდში, სანამ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. ამის შესახებ მან შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის SVT ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ დაიცავს ნატო შვედეთს წევრობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, სოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:
"დარწმუნებული ვარ, გარდამავალ პერიოდში ჩვენ მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების კუთხით. იმ მომენტიდანვე, როდესაც შვედეთი გადაწყვეტს განაცხადის შეტანას და ნატო იტყვის, რომ მას სურს ალიანსში შვედეთის გაწევრიანება, ნატო–ს მხრიდან არის ძალიან ძლიერი ვალდებულება, შეძლოს შვედეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს. ერთ–ერთი გზაა ნატო–სა და ნატოს ძალების გაზრდილი წარმოდგენილობა შვედეთისა და ბალტიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
მანამდე, გენმდივანმა აღნიშნა, რომ "ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შეხვდებიან, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ".
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მას შემდეგ გაააქტიურეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ორივე ქვეყანა ნატო–ში გაწევრიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე თვის ბოოლომდე გეგმავს.


