
NATO: "საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ არ იყოს ხარვეზები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას"
11/05/2022 09:22:56 პოლიტიკა
საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ არ იყოს ხარვეზები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებას. ამის შესახებ "აქცენტს" NATO–ში განუცხადეს.
"უკრაინის წინააღმდეგ ომი პრეზიდენტ პუტინს ძვირად უჯდება. რუსი ხალხის მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღწეული ეკონომიკური პროგრესი მან რამდენიმე კვირაში გაანადგურა. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა რუსეთს უპრეცედენტო ხარჯები დააკისრეს. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა უკრაინაში. ამავდროულად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ არ იყოს ხარვეზები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების თავიდან აცილებას", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მისივე ცნობით, მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე. ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.