"რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ"
09/05/2022 11:12:40 მსოფლიო
"რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ", - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი 9 მაისის აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.
"ნატო–ს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა", – განაცხადა პოდოლიკმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კვლავ სცადა, გაემართლებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


