პუტინი კვლავ ცდილობს, გაამართლოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა
09/05/2022 07:46:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოდის, კვლავ ცდილობს, გაამართლოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
მან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა რუსი მებრძოლებისადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.მოგვიანებით, პუტინმა ვეტერანებს "დიდი გამარჯვების" დღე მიულოცა.
იგი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ "ნატო და უკრაინა რუსეთის საზღვრებზე მოსკოვისთვის მიუღებელ საფრთხეებს ქმნიდნენ"
"რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში აუცილებელი და დროული ღონისძიება იყო. ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის სწორი გადაწყვეტილება", – დასძინა მან.
პუტინმა საკუთარი გამოსვლა წითელ მოედანზე წუთიერი დუმილითა და ჰიმნით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, რუსეთს აგრესორად მიიჩნევს, ხოლო "მოსკოვის ოპერაციას უკრაინაში" – უკანონო შეჭრად.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


