ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღლუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლაში "სასოწარკვეთის ნიშნები" დაინახა
09/05/2022 09:29:31 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე რეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლაში "სასოწარკვეთის ნიშნები" დაინახა
მისი თქმით, "პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთთან დაკავშირებით ზღაპრები მოჰყვა".
"მისი [პუტინის] ერთ–ერთი განცხადებაა, რომ ნატო–მ რუსეთი ალყაში მოაქცია და ეს მაშინ, როცა ნატო–ს ქვეყნებს რუსეთთან საზღვრის დაახლოებით 6% აქვთ საზიარო. ამასთან, იგი ირწმუნება, რომ უკრაინაში ნატო–ს ბაზები იყო და დარწმუნებული ვარ, უკრაინის ელჩი გეტყვით, რომ უკრაინაში ალიანსის ბაზები არ იყო. ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისიც სურს, რომ სჯეროდეს – ეს სასოწარკვეთის მცირე ნიშანია. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება: ნატო, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპა არასოდეს შეჭრილან რუსეთში და არც გეგმავენ ამის გაკეთებას", – განაცხადა უოლესმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კვლავ სცადა, გაემართლებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


