ბრიტანეთი: "რუსეთი შეეცდება, ბელარუსის სამხედრო წვრთნებით უკრაინაში საფრთხე გაზარდოს"
05/05/2022 09:30:02 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ბელარუსულ ჯარში გამოცხადებულ "რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმებას" ეხმიანება და აცხადებს, რომ "მოსკოვი შეეცდება, ბელარუსის სამხედრო წვრთნებით უკრაინაში საფრთხე გაზარდოს".
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსი რუსეთის დიდი ხნის მოკავშირედ აღიარა და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობის გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაეხმარა და ხელი შეუწყო.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


