
რუსეთის გენშტაბის მეთაურმა თავდასხმას გაასწრო – NYT
02/05/2022 10:22:08 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინაში იმყოფებოდა, თუმცა თავდასხმას გაასწრო,– იუწყება The New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ვიზიტის მიზნად ომის "კურსის შეცვლა" სახელდება.
როგორც გამოცემას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მათ შეიტყვეს რუსი გენერლის ვიზიტის შესახებ, თუმცა მისი მიზანში დროულად ამოღება ვერ შეძლეს: უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსების კონტროლირებადი ქალაქი იზიუმის მე-12 სკოლაზე, სადაც ოკუპანტები იყვნენ გამაგრებული და რომელსაც გერასიმოვი ეწვია. თავდასხმის დროს მოწინააღმდეგე სამხედრო მაღალჩინოსანი უკვე რუსეთში ბრუნდებოდა და პოზიცია დატოვებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ანონიმური წყაროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაახლოებით 200 რუსი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი მოკვდა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ხსენებულ პოზიციაზე შეტევა არა გერასიმოვის, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო გადაწყდა.
ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ გერასიმოვი აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც აღნიშნეს, არ აქვთ ინფორმაცია ზემოხსენებული თავდასხმის შესახებ.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა NYT-თან საუბარში აღნიშნეს, რომ გერასიმოვის საიდუმლო ვიზიტი ხაზს უსვამს პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ იზიუმთან გენერალი გერასიმოვი მარცხენა ფეხში დაიჭრა.
იხილეთ ასევე: „მოსკოვში პირველი ფაზიდან გაკვეთილი ვერ იწავლეს, დონბასისთვის ბრძოლას ნელ–ნელა აგებენ“ – Conflict Intelligence Team