
„მოსკოვში პირველი ფაზიდან გაკვეთილი ვერ იწავლეს, დონბასისთვის ბრძოლას ნელ–ნელა აგებენ“ – Conflict Intelligence Team
02/05/2022 10:10:18 ევროპა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უშვებს შესაძლებლობას, რომ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის ღონისძიებაზე „მსოფლიო ნაციზმს“ მრძოლა გამოუცხადოს და ასევე გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია, რაც მისი ხედვით, პუტინის მხრიდნ მარცხის აღიარება იქნება.
Conflict Intelligence Team–ის დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი რუსლან ლევიევი ამბობს, რომ კრემლს მსგავსი საჭიროება უდგას, თუმცა დილემის წინაშე დგას:
„თუ ფრონტზე არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, იმისათვის, რომ მიაღწიონ მინიმუმ რამდენიმე მიზანს, რაც თავდაპირველად იყო გამოცხადებული (მაგალითად, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისასვლელად) საჭიროა მობილიზაცია. ჩანს, რომ ამჟამინდელი ძალებით უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევასაც კი ვერ ახერხებენ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავებაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ გააკეთებს თუ არა ამას პუტინი, რთული სათქმელია – ეს სერიოზული რისკია მისი რეიტინგისთვის.
გარდა ამისა, მობილიზაცია შეიძლება, სხვადასხვაგვარი იყოს: ტოტალური – როცა ყველა რეზერვისტს ჯარში გადაიყვანენ, რისიც ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ყველასთვის საკმარისი საჭირო აღჭურვილობა ჰქონდეთ. გარდა ამისა, ეს ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებულ ეკონომიკას დაანგრევს; მაგრამ შეიძლება, მოხდეს ნაწილობრივი მობილიზაცია ზოგიერთი სასაზღვრო ტერიტორიებიდან. მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში 200 ათასი დამატებითი ადამიანისთვის ტექნიკისა და უნიფორმის მოძიება სავსებით შესაძლებელია. ეს შეცვლის ომის მიმდინარეობას“.
თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზაციისთვის მზადების ნიშნები არ შეიმნევა.
რაც შეეხება დონბასისთვის ბრძოლას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის რუსეთს წარმატება არ აქვს და 9 მაისისთვის არც არაფერი აქვს წარმოსადგენი:
„შეუძლებელი იქნება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლა, უკრაინული ჯგუფის ალყაში მოქცევა, „აზოვსტალის“ საკითხის მოგვარება – არცერთი არ გამოვა 9 მაისამდე, შესაბამისად, „გამარჯვებად“ წარმოსაჩენად არც არაფერი ექნებათ და ცხადია, ბრძოლა გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ჩანს, ნათელია, რომ დონბასისთვის ბრძოლას ნელ–ნელა აგებენ, რადგან უკრაინა ახალ იარაღს იღებს, აღმოაჩნდა ახალი ძალა და შესაძლოა, მალე, მაგალითად, ერთ თვეში მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადავიდეს. შემდეგ კი რუსული ძალების მდგომარეობა დონბასში კიდევ უფრო გაუარესდება.
ამიტომ, სწორედ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, დონბასისთვის ბრძოლის გათვალისწინებით უკვე ცხადია, რომ აუცილებლად სჭირდებათ მობილიზაცია.ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი შეხედავს შესაძლო პოლიტიკურ შედეგებს: როგორ რეაგირებს საზოგადოება, როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას, დაინგრევა თუ არა მისი რეიტინგი – ეს არის ის, რაც გადაწყვეტს მობილიზაციის საკითხს“.
მისი ანალიზის მიხედვით, ვინაიდან რუსულ მხარეს ძალები არასაკმარისი ჰყავს, ბრძოლა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს:
„არტილერია და ავიაცია აქტიურად მუშაობს დასახლებებზე, შემდეგ შედიან სახმელეთო ფორმირებები. მაგრამ ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ – ზოგან დღეში მხოლოდ ერთ კილომეტრით მიიწევენ, რაც სამხედრო სტანდარტებით ძალიან მცირეა. უკრაინას იარაღი ასეთი ტემპით რომ არ მიეღო, ბრძოლა მაინც თვეების განმავლობაში გაგრძელდებოდა. უკრაინას კი დამატებით მიეწოდება იარაღი. ამიტომ, ახლა ტემპი ძალიან სუსტია, შემდეგ კი შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.უკვე აშკარაა, რომ დონბასისთვის ეფექტური ბრძოლა შეუძლებელია. ოპერაციის პირველი ფაზიდან გაკვეთილი არ იქნა გამოტანილი“,– ასკვნის რუსი სამხედრო ექსპერტი.
იხილეთ ასევე: „რუსეთმა უკრაინაში საკუთარი სახმელეთო ძალების 65% განალაგა, მათგან მეოთხედი ქმედითუუნაროა“ – ბრიტანული დაზვერვა