
„რუსეთმა უკრაინაში საკუთარი სახმელეთო ძალების 65% განალაგა, მათგან მეოთხედი ქმედითუუნაროა“ – ბრიტანული დაზვერვა
02/05/2022 06:10:24 ევროპა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში საკუთარი სახმელეთო ჯარების 65% განათავსა.
„კონფლიქტის დაწყებისას რუსეთმა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განათავსა, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალების დაახლოებით 65%–ია“,– ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 2 მაისის ანგარიშში.
როგორც უწყება აღნიშნავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ერთეულების მეოთხედზე მეტი ამჟამად ქმედუუნაროა:
"რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ძალებმა განიცადეს ყველაზე დიდი ცვეთა. რუსეთს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება ამ ძალების აღსადგენად".
ერთი დღით ადრე, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ხერსონზე გრძელვადიანი კონტროლის დამყარებას ცდილობდა, რათა გაზარდოს ყირიმზე მისი კონტროლის უსაფრთხოება.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის 68-ე დღეს რუსული არმია ცდილობს, შექმნას მისთვის ხელსაყრელი პირობები სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის, რუბიჟნეზე კონტროლის სრულად დამყარებას, პოზიციების გაუმჯობესებას პოპასნაში და ამ მიზნით მან განალაგა მარიუპოლის მიმართულების ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვა ძლიერდება.