
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს შევსებულ კითხვარს
29/04/2022 09:03:56 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს შევსებულ კითხვარს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, ასე ვთქვათ სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის, მოგეხსენებათ სექტორული ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია. აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა და აღნიშნულ კითხვაზე მუშაობა დაწყებული აქვთ უწყებებს და საქვეუწყებოებს. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დადგენილი ვადები გაზიარების, არის 13 მაისი და მაქსიმალურად შევეცდებით რომ კითხვარის ბოლოს ნაწილზე რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილსაც გასაჯაროვებს:
„კითხვარზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე მოლოდინთან დაკავშირებული კითხვაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რეფორმირების მნიშვნელოვანი პროცესი გაიარა და „განვლილი გზა გვაძლევს [იმის თქმის] საშუალებას, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის.. და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური“.
რაც შეეხება კითხვარის პირველ ნაწილზე გაცემული პასუხების გასაჯაროებას „არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“.
ამასთან ილია დარჩიაშვილს თქმით, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილსაც გასაჯაროებს.
11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარის პირველი ნაწილი ჩაიბარა. პასუხგასაცემი სულ 369 კითხვაა.
ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეაფასებენ, მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
იხილეთ ასევე: რა შანსები აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად