
რუსეთმა კასპიის ზღვის დანაწილების შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა
19/09/2019 15:28:10 სხვა, მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფოს სათათბირომ ბოლო - მესამე მოსმენით კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენცია დაამტკიცა.
დოკუმენტი დეპუტატებს განსახილველად მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა.
საუბარია იმ კონვენციის რატიფიცირებაზე, რომელსაც რუსეთის, ირანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქემენეთის ლიდერებმა 22 - წლიანი განხილვის შემდეგ 2018 წლის აგვისტოში მოაწერეს ხელი. 22 წლის განმავლობაში მხარეები დოკუმენტის ძირითად პუნქტებზე ვერ თანხმდებობდნენ.
კონვენცია ადგენს საფუძველს კასპიისპირა აუზში ფსკერისა და ქანების დამანაწილებელი ხაზების ჩამოყალიბებისათვის, ასევე ხომალდების მიმოსვლის, თევზჭერისა და მაგისტრალური მილსადენების გაყვანის წესებს, ასევე კრძალავს კასპიის ნაპირებზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას და ადგენს მხოლოდ კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების დროშების ქვეშ მიმოსვლაზე მონოპოლიას.
კონვენციაზე მუშაობა 1996 წელს, სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაიწყო. საბჭოთა პერიოდში კასპიის სტატუსი საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის შეთანხმებით რეგულირდებოდა, ვინაიდან იმხანად კასპიის ზღვაზე გასასვლელი მხოლოდ ამ ორ ქვეყანას გააჩნდა.
აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, კასპიის ზღვის რეგიონში ნავთობის მარაგები დაახლოებით 48 მილიარდ ბარელს შეადგენს, მათგან რუსეთზე მოდის 6,1 მლრდ, ყაზახეთზე - 31,2 მლრდ. რაც შეეხება გაზის მარაგებს, ისინი რეგიონში 7,85 ტრილიონ კუბ. მეტრს შეადგენს, მათგან რუსული - 3 ტრილიონ კუბ. მეტრს