თეთრი სახლი კაბაევასთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
26/04/2022 06:20:53 მსოფლიო
თეთრი სახლი მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონისთვის ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.
"ჩვენ ვაგრძელებთ სასანქციო სიის განახლებას. არავინ არ არის დაცული ჩვენი სანქციებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე დავაწესეთ სანქციები პრეზიდენტ პუტინზე, მის შვილებზე და მის უახლოეს ნათესავებზე და კვლავ განვაგრძობთ უფრო მეტ ქმედებებს ამ მიმართულებით", – განაცხადა ფსაკიმ.
აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ შეაჩერა მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონისთვის ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, - იუწყება The Wall Street Journal ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სანქციების სიის შედგენაში მონაწილეობს, აცხადებს რომ, ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სპორტსმენზე შეტევას პუტინი „აგრესიულად უპასუხებს“.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ალინა კაბაევა პუტინის მინიმუმ, სამი შვილის დედაა.
ამერიკამ სანქციების სიაში უკვე შეიყვანა პუტინის ორი შვილი პირველი ქორწინებიდან კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი სავარაუდო შვილის 18 წლის ელიზავეტა კრივონოგოვას დედა სვეტლანა კრივონოგოვა სანქციების სიაში ჯერ–ჯერობით არ მოხვედრილა.


