„აზოვსტალის“ შტურმზე უარი ძალების გადაჯგუფებითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული"
21/04/2022 13:12:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ შტურმზე უარი ძალების გადაჯგუფებითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული"
მისი თქმით, პუტინმა „მზრუნველობა გამოიჩინა“ რუსი სამხედროების მიმართ, რათა იქვე არ დახოცილიყვნენ.
"ეს მიანიშნებს შემდეგს, რომ მტერს ან ფიზიკურად არ შესწევს „აზოვსტალის“ აღების ძალა ან გადაჯგუფებას გეგმავს. კერძოდ, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მათ თავისი ჯარების ნაწილი გადაისროლეს ჩრდილოეთით არსებული ძალების დასახმარებლად, რომლებიც მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესრულებას ცდილობენ - მოახერხონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ. „გამარჯვებების“ ეს წინასწარ გამოცხადება ისე, რომ არც აღდგომას ელოდებიან, არც გამარჯვების დღეს (9 მაისს) იმაზე მეტყველებს, რომ რუსებმა გააცნობიერეს ომის ამ ეტაპზე თავისი ბოლო აქტიური ოპერაციის უპერსპექტივობა",- განაცხადა არესტოვიჩმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, თუმცა, ასევე დაავალა, იმგვარად მოახდინონ ბლოკირება, რომ „შიგნით ბუზიც ვერ შეფრინდეს“.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


