Accentnews.ge
პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა

პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა

21/04/2022 08:44:20 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, თუმცა, ასევე დაავალა, იმგვარად მოახდინონ ბლოკირება, რომ „შიგნით ბუზიც ვერ შეფრინდეს“.

"ეს არის შემთხვევა, როცა უნდა ვიფიქროთ (ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მით უმეტეს) ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებზე მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს. კიდევ ერთხელ შესთავაზეთ, დაყარონ იარაღი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ უსაფრთხოებას საერთაშორისო ნორმების მიხედვით", - ეუბნება პუტინი შოიგუს ვიდეოში, რომელიც რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

ამასთან, შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს":

"მთელი მარიუპოლი რუსული არმიის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის კონტროლქვეშაა, ქარხანა აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი ნაციონალისტების და უცხოელი დაქირავებულების ნარჩენები (2000-ზე მეტი ადამიანი), საიმედოდაა დაბლოკილი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე".

თავის მხრივ „აზოვი“ იუწყება, რომ მარიუპოლში შექმნილი ძალიან რთული ვითარების მიუხედავად, ქალაქის დამცველებმა ორ დღეში მოახერხეს რუსი დამპყრობლების 3 ტანკის და 2 ქვეითი საბრძოლო მანქანის და ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება.

მეტალურგიული გიგანტის "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ "აზოვის" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები. უკრაინული მხარე ცდილობს მათთვის ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმებას.

როგორც "აზოვსტალის" ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქუფარაშვილმა განმარტა, რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას იმ პირობით სთავაზობს, თუ „აზოვის“ მებრძოლებ იარაღს დაყრიან, რასაც „აზოველები“ არ დასთანხმდებიან და ტერიტორიას მხოლოდ იარაღით დატოვებენ, რადგან უკრაინას წარსულში უკვე აქვს გამოცდილება, როდესაც პირობისამებრ, ბლოკირებულმა მებრძოლებმა იარაღი დაყარეს და შემდეგ ისინი რუსებმა სწორედ, რომ „მწვანე დერეფანში“ გაანადგურეს.

მისივე თქმით, „აზოვი“ საზოგადოების აღქმაში თავიუფლების სიმბოლოა და სწორედ ამ სიმბოლოს განადგურება სურს რუსეთს, ხოლო „აზოველები“ ბოლომდე იბრძოლებენ.

იხილეთ ასევე: ომის 57–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S