აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ
19/04/2022 20:05:13 მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, აშშ-ის გარდა, დიდი ბრიტანეთის და კანადის პრემიერ–მინისტრებმა ბორის ჯონსონმა და ჯასტინ ტრუდომ პირობა დადეს, რომ უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ.
ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე მოკავშირეებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გამართა. იგი ესაუბრა ჯონსონს, ტრუდოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, ასევე იტალიის, იაპონიის და პოლონეთის ლიდერებს.
საუბრის შემდეგ ბორის ჯონსონმა კანონმდებლებს უთხრა, რომ საარტილერიო მხარდაჭერა არის ის, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - დიდი ბრიტანეთი კი, მათ მძიმე არტილერიას გადასცემს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების გეგმები. ასევე, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ მოკავშირეებმა განიხილეს ისიც, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება ომის შემდეგ, თუ ის არ იქნება NATO-ს წევრი და შესაბამისად, ქვეყანაზე სამხედრო ალიანსის მე-5 მუხლი არ გავრცელდება.
იხილეთ ასევე: შოლცი: "გერმანია უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას განაგრძობს, რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს"


