თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: "ერაყში ანტიტერორისტულ ოპერაციას წარმატებით ვაგრძელებთ, ლიკვიდირებულია PKK–ს 26 მებრძოლი"
19/04/2022 10:59:28 მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა ერაყში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ PKK–ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) 26 მებრძოლი მოკლეს.
"ერაყში ანტიტერორისტულ ოპერაციას წარმატებით ვაგრძელებთ, ლიკვიდირებულია PKK–ს 26 მებრძოლი", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, "ტერორისტებს ფინანსურ რესურსებთან წვდომა შეუწყვიტონ".
გუშინ ანკარამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა წარმატებით შეუტიეს PKK–ს თავშესაფრებს, ბუნკერებს, გვირაბებსა და საწყობებს.
"ოპერაცია გეგმისამებრ წარმატებით ხორციელდება. მიზნები, რომლებიც პირველ ეტაპზე იყო დასახული, მიღწეულია. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიხსნათ ჩვენი ერი ტერორისტული უბედურებისგან, რომელიც 40 წელია, ტანჯავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ უკანასკნელი ტერორისტი არ განეიტრალდება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.


