
შეწყალების სკანდალი გრძელდება – სიაში ძებნილი პირიც აღმოჩნდა
17/09/2019 22:21:02 სხვა, სამართალი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, კიდევ ერთი შეწყალებული პირი კი პატიმრობაში საერთოდ არ იმყოფებოდა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურმა სისტემამ მარიამობის წინა დღეს მიიღო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას „არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ან კიდევ სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.“
„ეს აქტი როდესაც ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პატიმარზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით. დანარჩენი, სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ამასთან, შეწყალებულთა სიაშია დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა. დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ–ერთი ახალგაზრდა იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა. პრეზიდენტი ამ დრომდე არ განმარტავს, რატომ შეიწყალა მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
სალომე ზურაბიშვილმა მისი წინამორბედის დროინდელი შეწყალების კომისია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გააუქმა და მას შემდეგ კომისია არ არსებობს. ამდენად, უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს და ვისთან გადის კონსულტაციებს ზურაბიშვილი მსგავსი მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღებისას,.