ბრიანსკის გუბერნატორი უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს
14/04/2022 14:08:07 მსოფლიო
რუსები უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაში კვლავ ადანაშაულებენ. ამჯერად საუბარია ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოზე.
ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა.
როგორც მან ტელეგრამ–არხზე დაწერა, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.
კლიმოვოს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების წარმომადგენელმა რუსულ TAСС-ს განუცხადა, რომ "დაბომბვის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის - ორსული ქალი და ბავშვი".
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ შენობა იწვის, ხოლო ხალხი ამბობს, რომ ეს დაბომბვის შედეგია. სად და როდის იქნა გადაღებული ეს კადრები, უცნობია.
მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ორი საბრძოლო ვერტმფრენის გამოყენებით შეიჭრნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში და დაბალ სიმაღლეზე ფრენისას მიზანმიმართულად საცხოვრებელ სახლებზე სულ მცირე, ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.
სოფელი კლიმოვო საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
14 აპრილს რუსეთის ФСБ–მ გამოაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ წინა დღით ბრიანსკის ოლქში ნოვიე იურკოვიჩის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. მსხვერპლი არ ყოფილა.
უკრაინულ მხარეს დაბომბვის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
13 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ ასეთი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, დაბომბოს "გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები", მათ შორის – კიევში. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსიმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინული მხარე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
მანამდე GULAGU NET–ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ტერაქტების განხორციელებას გეგმავს, რათა „ადვილი იყოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის, რეზერვისტის, წვევამდელის მობილიზება უკრაინაში გასაგზავნად“.
იხილეთ მეტი:
"რუსი სამხედროების 40%–მდე უარს ამბობს უკრაინაში საომრად დაბრუნებაზე"– CIT
„იქნება ტერაქტები“: რუსებს კრემლის მორიგი ავანტიურის შესახებ აფრთხილებენ


