
"აშშ სავარაუდოდ, ოფიციალურად აღიარებს რუსეთის ქმედებებს გენოციდად" - ნულანდი
13/04/2022 21:19:39 ევროპა, მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად ოფიციალურად აღიარებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მაღალი ალბათობით, ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, „გულწრფელად ისაუბრა, როდესაც მან იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, რუსეთის ფედერაციისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი უწოდა“.
თუმცა ნულანდი განმარტავს, რომ „მტკიცებულებების შეგროვების პროცესს დიდი დრო დასჭირდება“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას:
”ვვარაუდობ, რომ ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, არის ის, რასაც ჩვენ ალბათ მივაღწევთ, როდესაც შევძლებთ ყველა მტკიცებულების შეგროვებას. ყოველივე ის, რაც იქ ხდება, შემთხვევითი ხომ არ არის: ეს არის რუსეთის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა“.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში პირველად უწოდა გენოციდი.