
რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს
29/03/2022 11:58:48 ევროპა, მსოფლიო
უკრაიანის გენშტაბი იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავთ.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს, 29 მარტს, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ შეჭრას რუსეთის მთავრობა ასე მოიხსენიებს) "მთლიანობაში" შესრულებულია და ახლა სამხედროებს შეუძლიათ „დონბასის გათავისუფლებაზე“ კონცენტრირდნენ.
მან ამას ოპერაციის მთავარი მიზანი უწოდა და იქვე დასძინა, რომ ის გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანი არ მიიღწევა.
შოიგუს თქმით, ბრძოლის 33 დღის თავზე რუსეთმა მოიპოვა ცაზე კონტროლი, გაანადგურეს უკრაინის ავიაციის დიდი ნაწილი და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
შოიგუ გამოეხმაურა საგაზაფხულო გაწვევის საკითხსაც და განაცხადა, რომ წვევამდელებს „ცხელ წერტილებში“ არ გაგზავნიან, ამასთან, წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებ ახალწვეულს გაიწვევენ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული ჰქონდა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
იხილეთ ასევე: FT: პუტინმა მოთხოვნები შეცვალა