
„პუტინო, შენი არც ერთი საიდუმლო არ არის დაცული": ჰაკერებმა მონაცემების გამოქვეყნება დაიწყეს
26/03/2022 15:33:37 საზოგადოება
ჰაკერების ჯგუფმა Anonymous, რომელიც ამტკიცებდა, რომ გატეხა რუსეთის ცენტრალური ბანკის სისტემები, გამოაქვეყნა 28 გბ მონაცემები. დოკუმენტების ბმულები განთავსებულია Anonymous-ის Twitter-ის ანგარიშზე.
ჰაკერები აცხადებენ, რომ დოკუმენტები ინტერნეტის სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს და თუ ისინი ცენზურას დაექვემდებარება, ჰაკერები ახალ ბმულებს გააზიარებენ. ჰოსტინგის სერვისზე ასობით ანგარიშები და მონაცემები გამოჩნდა ბანკის მფლობელების შესახებ – წერს BBC. თავად ჰაკერები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს წვდომა ცენტრალური ბანკის „საიდუმლო ხელშეკრულებებზე“.
Anonymous–მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო–შეტყობინება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი.
"პუტინო, შენი არცერთი საიდუმლო არ არის დაცული. ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ვართ შენს სასახლეში, ჩვენ ვართ იქ, სადაც ჭამ, ჩვენ შენს მაგიდასთან ვართ, ჩვენ შენს საძინებელში ვართ. ჩვენ ვაქვეყნებთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ათასობით დოკუმენტს: შეთანხმებები, წერილები, გარიგებები, თქვენი ოლიგარქების სავაჭრო საიდუმლოებები, რეალური ეკონომიკური ანგარიშები, რომლებიც დაფარულია საზოგადოებისგან“, - ნათქვამია ვიდეოში.
იხილეთ ასევე: ჰაკერული დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამხელს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ჰაკერების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ განახორციელებს კიბერშეტევებს რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების ვებსაიტებზე და მედიაზე. თავდასხმები განხორციელდა კრემლის, სახელმწიფო სათათბიროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდებზე.