
„გაშალეთ იალქანი“: რუსი ოლიგარქის იახტა ნორვეგიაშია ჩარჩენილი, რადგან საწვავის მიწოდებაზე უარს ეუბნებიან
18/03/2022 20:08:05 ევროპა
68 მეტრიანი ძვირადღირებული იახტა, რომელიც ეკუთვნის КГБ-ს ყოფილ აგენტს და ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის თანამოაზრეს, ამჟამად ნორვეგიის პორტშია გაჩერებული მას შემდეგ, რაც ადგილობრივები უარს ამბობენ მისთვის საწვავის მიყიდვაზე,– იუწყება The Guardian.
გემი, სახელად „რაგნარი“, ვლადიმერ სტრჟალკოვსკის ეკუთვნის. ის გახლდათ „ნორილსკის ნიკელის“ გენერალური დირექტორი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და ამჟამად არის მოსკოვის საფეხბურთო კლუბ დინამოს დირექტორთა საბჭოში. ის არ შედის ევროკავშირის იმ ოლიგარქების სიაში, რომლებიც სანქციებს დაექვემდებარენ რუსეთის უკრაინასთან ომის გამო.
ნორვეგიის საწვავის მომწოდებლებმა ჩრდილოეთ ნარვიკის პორტში მის ეკიპაჟს შესთავაზეს, „გაბრუნდი სახლში“ ან „გაშალე იალქანი“ და ამბობენ, რომ საწვავის შევსებას გემის მფლობელების რუსეთის პრეზიდენტთან კავშირების გამო არ აპირებენ.
კაპიტანმა რობ ლანკესტერმა ნორვეგიის ხელისუფლება დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ იახტის მფლობელი სანქციების სიაში არ არის, რომ არც თავად და არც ეკიპაჟის 15 წევრი არ არიან რუსები, ხოლო იახტა რეგისტრირებულია მალტაში და მალტის დროშის ქვეშ ცურავს და რომ ეკიპაჟს „უბრალოდ შინ დაბრუნება სურს“.
ამასთან, მან ნორვეგია ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა, რადგან რუსულ თევზსაჭერის გემებს, რომლებიც, მისი თქმით, ჩრდილოეთ ნორვეგიის ეკონომიკის 20%-ს ავსებენ, „ნორვეგიის პორტებსა და წყლებში საწვავის ყიდვა და თავისუფლად მუშაობა შეუძლიათ“.
ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი 18 მარტს გამოაცხადა, თუმცა ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეს, განმარტეს, რომ სუპერიახტას „აქ არ მიესალმებიან“ და ადგილობრივმა ლიდერებმა და ნარვიკის ბიზნეს ეკონომიკის წარმომადგენლებმა ნორვეგიის ხელისუფლებას გემის ჩამორთმევისკენ მოუწოდეს.
„უკრაინაში რუსების ქცევა მეტყველების უნარს მაკარგინებს. რატომ უნდა დავეხმაროთ? "გაშალონ იალქნები!“ – თქვა სვენ ჰოლმლუნდმა, Holmlund–ის ნავთობის მიწოდების გენერალურმა მენეჯერმა ნარვიკში.
კომპანიამ Halbakk Bunkers–მა, რომელიც საწვავით ამარაგებს ნორვეგიის სანაპიროს, მათ შორის უცხოური გემებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ნარვიკის პორტს, ასევე უარი თქვა დახმარებაზე.
"აბსოლუტურად ვაცნობიერებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, უარი ვუთხრათ ყველა რუსულ გემს, მათ შორის ტრალერებს. არ გვინდა, რაიმე სახით შევიტანოთ წვლილი რუსეთის ეკონომიკაში", - განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გუნარ გრანი.
იახტას აქვს ყინულის დამტვრევის შესაძლებლობა და აღჭურვილია პოლარული კვლევისთვის. ბორტზე არის სპორტული დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, ვერტმფრენის მოედანი, ასევე ავტოფარეხი თოვლმავალებით, წყლის მოტოციკლებით, სათხილამურო აღჭურვილობით და სნოუბორდებით. ის ახლახანს 69 მილიონ ევროდ იყიდებოდა და ერთი კვირით იჯარით აღება 40 000 ევროდ არის შესაძლებელი. კაპიტანმა განაცხადა, რომ ნარვიკში „ზამთრის ტურის“ გამო იყო სტუმრების ასაყვანად შესული, თუმცა ჯგუფი, რომელიც 13 მარტს უნდა ჩამოსულიყო, „არ გამოჩენილა“.