კრემლში პუტინის ბაიდენისეულ შეფასებას უპატიებელი უწოდეს
17/03/2022 06:09:17 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის შეფასება, რომელმაც ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა, კრემლისთვის მიუღებელია.
"მიუღებლად და უპატიებელია მიგვაჩნია მსგავსი რიტორიკა იმ სახელმწიფოს ლიდერისგან, რომლის ბომბებს მსოფლიოს გარშემო ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა", - უთხრა TASS კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა:
"ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა".
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.


