ბაიდენმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა
16/03/2022 19:47:25 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა შემდეგი განაცხადა: "ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა".
დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულ მხარეს მაღალი სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და შესაბამის საბრძოლო მასალას მივაწვდით", – განაცხადა ბაიდენმა, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ კომპლექსებზეა საუბარი.
გარდა ამისა, მან უკრაინის დასახმარებლად დამატებით $800 მლნ-ის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
"ეს უკრაინისთვის მისი უსაფრთხოების ასამაღლებლად მარტო ამ კვირაში გაწეულ დახმარებას 1 მლრდ დოლარამდე ზრდის. ეს იქნება აღჭურვილობის პირდაპირი მიწოდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან. პაკეტში შევა 800 ერთეული საზენიტო სისტემა, რათა უკრაინელებმა მოიერიშეების შეჩერება და საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლონ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, კიევს მიეწოდება ასევე 9 ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, დრონები (თუმცა ბაიდენს რაოდებობა არ დაუკონკრეტებია), ჯამში 7 ათასი ერთეული ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა საბრძოლო მასალა, მათ შორის - საარტილერიო დანადგარები.
„მსოფლიო ერთიანია უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში და ჩვენი გადაწყვეტილების მიმართ, ვაიძულოთ (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინი გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი. ამ მიმართულებით ძალისხმევას ამერიკა ხელმძღვანელობს, იგი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენას, აქამდე გაწეულ ძალისხმევას დღეს ვამატებთ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით მომდევნო დღეებსა და კვირებში", – განაცხადა ბაიდენმა.


