
უკრაინის გენშტაბი: "ბელარუსის არმიის სპეცრაზმები ომში არ ჩაერთვებიან"
14/03/2022 06:11:54 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრიდან მე-19 დღეს რაიმე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.
გენერალური შტაბის მიერ დღეს, 14 მარტს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 4 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, საოკუპაციო ძალებს ყველა მიმართულებით შემტევი ოპერაციებისას რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის არმიის სპეცრაზმელები უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებენ.
12 მარტს, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ ლუკაშენკო ვერ ბედავს უკრაინის წინააღმდეგ ომში არმიის ჩართვას, თუმცა, ეს საფრთხე შენარჩუნებულია.
იხილეთ ასევე: გოზმანი: "ბელარუსიდან უკრაინაში ჩავიდა დანაყოფი, ხოლო ხალხს აქვს ინსტრუქცია, როგორ დამალონ სამხედროები"