ბაიდენი პუტინს ქიმიური იარაღის შესახებ აფრთხილებს
11/03/2022 16:33:38 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე ფასს გადაიხდის.
"მე არ ვისაუბრებ დაზვერვის მონაცემებზე, თუმცა რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის: აშშ–ის დაზვერვის უფროსი უილიამ ბერნსი თვლის, რომ აშშ სერიოზულად მოეკიდოს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების რისკს, როგორც „ცრუ დროშის ქვეშ“, ისე პირდაპირ:
"თქვენ კარგად იცით, რომ ეს რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია. მათ უკვე გამოიყენეს ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს წაახალისეს სირიაში და არა მხოლოდ. ამიტომ, ეს სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“.
მსგავსი შიში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმაც გამოთქვა.
მანამდე, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებული შტატების მონაწილეობით, შექმნა ლაბორატორიები გადამფრენი ფრინველებისა და ღამურების მიერ საშიში ინფექციების და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შესასწავლად.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მსგავს განცხადებებს "ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი" უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ "ცრუ დროშის ოპერაციას":
"მანიაკალური აკვიატება, რომლითაც რუსი ოფიციალური პირები ფანტაზიორებენ არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე, უკრაინაში არსებულ საფრთხეებზე, ღრმად შემაშფოთებელია და შეიძლება რეალურად მიუთითებდეს, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ ცრუ დროშის ოპერაციას".


