
რიჟვაძე უკრაინულ საიტ "Миротворец"-ის ბაზაში შეიტანეს
08/03/2022 12:39:51 ევროპა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უკრაინულ საიტ "Миротворец"-ის ბაზაში შეიტანეს.
უკრაინული მხარის განმარტებით, რიჟვაძე, რომელიც "უკრაინაში რუსეთის შეჭრას უარყოფს, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციით მანიპულირებს და უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტებში მონაწილეობს, რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველია".
ცენტრი "Миротворец" სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს, "საიტზე განთავსებული ეს პუბლიკაცია განიხილონ განცხადებად აღნიშნული მოქალაქის მიერ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ გამიზნული მოქმედების შესახებ".
ცნობისთვის: გუშინ ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა რიჟვაძეს, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ უკრაინამ, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა: "ამის შესახებ სფეროს ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ. უკრაინას ომის რაც შეიძლება, სწრაფ დასრულებას ვუსურვებ".
ამასთან, რიჟვაძემ განაცხადა, რომ "ბათუმში რუსული დროშით მცურავი ხომალდის შემოსვლა დარღვევა არ არის".
"რამდენადაც ვიცი, მსგავსი დროშის მქონე გემებს ევროკავშირის ქვეყნების პორტებში მომსახურების პრობლემა არ აქვთ. არც წესები ირღვევა, არც კანონი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქართულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ ბათუმის პორტში სტამბოლიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი, სამშენებლო მასალების გადამზიდი ხომალდი შევიდა.
რიჟვაძის ინფორმაციით, ტვირთი საქართველოსთვის არის განკუთვნილი და ამ ამბის ირგვლივ აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნა არ ღირს".
"თქვენ რა, მეტი საქმე არ გაქვთ?" - მიმართა რიჟვაძემ კითხვის დამსმელ ჟურნალისტებს.