
რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა
07/03/2022 16:03:42 პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ "ბათუმში რუსული დროშით მცურავი ხომალდის შემოსვლა დარღვევა არ არის".
"რამდენადაც ვიცი, მსგავსი დროშის მქონე გემებს ევროკავშირის ქვეყნების პორტებში მომსახურების პრობლემა არ აქვთ. არც წესები ირღვევა, არც კანონი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ დღეს ქართულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ ბათუმის პორტში სტამბოლიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი, სამშენებლო მასალების გადამზიდი ხომალდი შევიდა.
რიჟვაძის ინფორმაციით, ტვირთი საქართველოსთვის არის განკუთვნილი და ამ ამბის ირგვლივ აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნა არ ღირს".
"თქვენ რა, მეტი საქმე არ გაქვთ?" - მიმართა რიჟვაძემ კითხვის დამსმელ ჟურნალისტებს.
ამასთან, რიჟვაძემ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ უკრაინამ.
"ეს უნდა კითხოთ დარგის ექსპერტებს, მე ვუსურვებ უკრაინას ომის ძალიან მალე დასრულებას" - აღნიშნა მან რამდენჯერმე ჩაკითხვის შემდეგ.