"უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მზაობა 20 000–მდე უცხოელმა გამოთქვა"
06/03/2022 18:12:30 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას განცხადებით, კიევის მოწოდებას, შეუერთდნენ უცხოელები „საერთაშორისო ლეგიონს“, 20 000–მდე უცხოელი მოხალისე გამოეხმაურა.
მისი თქმით, 20 000–მდე მოხალისე 52 ქვეყნიდანაა. თუმცა მან ქვეყნების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
გუშინ "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მზაობა 3000–მა ამერიკელმა მოხალისემ გამოთქვა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


