მედია – უკრაინის მოწოდებას, შეუერთდნენ უცხოელები „საერთაშორისო ლეგიონს“, 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა
06/03/2022 08:40:30 მსოფლიო
უკრაინის მოწოდებას, შეუერთდნენ უცხოელები „საერთაშორისო ლეგიონს“, 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა, – იუწყება "ამერიკის ხმა".
ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემას, რომ 3000–მა ამერიკელმა მოხალისემ თანხმობა განაცხადა, იმსახუროს საერთაშორისო ბატალიონში.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბებს უცხოელ მოხალისეთა ოფიციალურ ლეგიონს და დასძინა, რომ გაწევრიანებას ხელი 16 000-მა მოხალისემ მოაწერა ძირითადად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო და ბელარუსი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


