Accentnews.ge
"პუტინი და მისი მოკავშირეები ისევე უნდა გაასამართლონ, როგორც ნაცისტური ომის დამნაშავეები გაასამართლეს ნიურნბერგის პროცესზე"

"პუტინი და მისი მოკავშირეები ისევე უნდა გაასამართლონ, როგორც ნაცისტური ომის დამნაშავეები გაასამართლეს ნიურნბერგის პროცესზე"

28/02/2022 11:09:22 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "პუტინი და მისი მოკავშირეები ისევე უნდა გაასამართლონ, როგორც ნაცისტური ომის დამნაშავეები გაასამართლეს ნიურნბერგის პროცესზე".

როგორც ევროპარლამენტარმა "აქცენტს" განუცხადა, ის, რაც უკრაინაში ახლა ხდება, შესაძლოა, დაემართოს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი „ინტერესების სფეროდ" მიიჩნევს.

"პუტინის გამოსვლებიდან და ქმედებებიდან ყველა ხედავს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის უსაფრთხო. მისთვის "წითელი ხაზები" არ არსებობს. რაც ხდება – ომი უკრაინის წინააღმდეგ, მისი ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ, მისი ხალხის წინააღმდეგ და ბელარუსის უწყვეტი ფაქტობრივი ოკუპაცია - ეს შესაძლოა, დაემართოს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას, რომელსაც პუტინი მისი „ინტერესების სფეროდ" მიიჩნევს", – აცხადებს კუბილიუსი და დასძენს, რომ "უკრაინის მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების მხარდაჭერა და გლობალური მშვიდობის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი".

ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს საქართველოს პოზიციაზე, რომელმაც უარი განაცხადა ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რომელშიც რუსეთიც ფიგურირებს.

"პუტინი ომის დამნაშავეა. იგი და მისი მოკავშირეები საერთაშორისო ტრიბუნალში უნდა გაასამართლონ საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის ისევე, როგორც ნაცისტური ომის დამნაშავეები გაასამართლეს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე. ომის დამნაშავესთან თანამშრომლობა არ შეიძლება", – აცხადებს კუბილიუსი.

ამასთან, იგი ეხმიანება საქართველოს პრემიერ–პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში ამასწინანდელი ვიზიტისას გაჟღერებულ გზავნილებს და აცხადებს, რომ "მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო მზადაა NATO–ში გაწევრიანებისთვის ისე, როგორც არასდროს".

მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის:

"საქართველომ რამდენიმე წელი დაკარგა შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა ჩვენს მესიჯში ყოველთვის ვახსენებდით, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი ერთი უნდა იყოს - ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთს შევახსენოთ მათი დაპირებები ნატო–ს კარის ღიად შენარჩუნების შესახებ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველო მზადაა გაწევრიანებისთვის ისე, როგორც არასდროს", – განუცხადა "აქცენტს" კუბილიუსმა და იქვე დასძინა, რომ "დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს არ მიიწვია საქართველო და უკრაინა ნატო–ში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S