რუსეთი "დასახული მიზნების მიღწევამდე" ომის შეჩერებას არ აპირებს
01/03/2022 13:11:12 მსოფლიო
რუსეთი "დასახული მიზნების მიღწევამდე" შეჩერებას არ აპირებს, - განაცხადა დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და დასძინა, რომ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე "სპეციალურ ოპერაციას" გააგრძელებს.
ამასთან, მან კვლავინდებურად იცრუა, რომ რუსული არმია დარტყმებს "მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღიდან და მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს".
- რეალურად, არსებობს უკვე უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ყუმბარები და რაკეტები სამოქალაქო ობიექტებსა და საცხოვრებელ რაიონებს ხვდებათ. შედეგად, უკრაინული მხარის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის თვლა უკვე ასეულებზე მიდის. მათ შორის არიან ბავშვებიც.
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ "უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზანს წარმოადგენს რუსეთის დაცვა ნატო-ს ქვეყნებისგან, რომლებიც რუსეთთან საბრძოლველად უკრაინელ ხალხს იყენებენ".
დღესვე განცხადებები გაკეთდა რუსეთის სხვა რიგი ოფიციალური პირების მხრიდან. თუმცა მთავარი პასუხისმგებელი პირი - პრეზიდენტი პუტინი კვლავინდებურად არ ჩანს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინელების "რამენაირად შევიწროებას" არ გეგმავს, რადგან მათ "თავისიანებად" მიიჩნევს.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უკრაინასთან მიმართებაში გამოყენება მოსკოვში "წარმოუდგენლად" მიაჩნიათ.
კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ "მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავინდებურად უკრაინის პრეზიდენტად თვლის და მისგან ომის შეწყვეტის ბრძანების გაცემას ელის".
რაც შეეხება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს, ეს პესკოვმა "ნაციონალისტების" ნამოქმედარად გაასაღა.
ამასთან, მან კვლავინდებურად უარი განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "ომად" შეეფასებინა და მათ კვლავ "სპეცოპერაცია" უწოდა.
28 თებერვალს Maxar Technologies-ის თანამგზავრებმა კიევის მახლობლად რუსული ძალის სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დააფიქსირეს. აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


