
თანამგზავრებმა კიევის მახლობლად რუსული ტექნიკის უზარმაზარი კოლონა დააფიქსირეს
28/02/2022 21:52:23 ევროპა
Maxar Technologies-ის თანამგზავრებმა 28 თებერვალს, დილით კიევის მახლობლად რუსული ძალის სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დააფიქსირეს,– იუწყება Reuters.
კადრის ავტორების თქმით, კოლონის სიგრძე 27 კილომეტრს აჭარბებდა.
კოლონა განთავსებულა "ანტონოვის" საერთაშორისო აეროპორტის აღმოსავლეთით, გოსტომელში, სადაც ბოლო დღეებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
კოლონის შემადგენლობაში შეამჩნიეს ტანკები, ჯავშანტექნიკა და საველე საარტილერიო ნაწილები.
ფოტოს ავტორები ირწმუნებიან, რომ კოლონა სამხრეთით მოძრაობდა – კიევისკენ.
პენტაგონში დღეს განაცხადეს, რომ, უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. ამასთან, ჯარის დიდი ნაწილი ახლა უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება, ხუთი კილომეტრით წინ, ვიდრე 27 თებერვალს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
.