
ჯონსონმა "ბირთვული ძალების" თაობაზე პუტინის ბრძანებას ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა
28/02/2022 07:39:55 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რუსული ბირთვული ძალის მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა,– იუწყება Reuters.
„რუსი სამხედროები დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან, რასაც რუსეთის პრეზიდენტი არ ელოდა“,– განაცხადა თემის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, „ეს კატასტროფული, წარუმატებელი ჩანაფიქრია“.
მისი თქმით, პუტინის სიტყვები ემსახურება „რეალობიდან ყურადღების გადატანას“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი პუტინის ხსენებულ ბრძანებას განიხილავს როგორც ზეწოლას უკრაინის დელეგაციაზე მოლაპარაკებების დაწყების წინ.
თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯეინ ფსაკიმ კი განაცხადა, რომ პუტინის ბრძანება არის სქემის ნაწილი საფრთხის შექმნისა, რომელიც არ არსებობს.
ცნობისთვის: პუტინმა "ბირთვული ძალის“ განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. დღეს დაგეგმილია უკრაინის და რუსული დელეგაციების შეხვედრა, პარალელურად იბომბებოდა უკრაინის ქალაქები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა მეხუთე დღეა, რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.