
გერმანია უკრაინას ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის
26/02/2022 18:29:12 ევროპა
გერმანია უკრაინას ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის,– ამის შესახებ „ტვიტერზე“ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაწერა.
"რუსეთის შეტევა გარდამტეხ წერტილს უკავშირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასაცავად, პუტინის ჯარის შეჭრის წინააღმდეგ.
ჩვენ 1000 ანტი-სატანკო იარაღს და 500 სტინგერს (საჰაერო თავდაცვის სისტემას) გავუგზავნით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში",– ამბობს კანცლერი.
ამასთან, მედიის ცნობით, გერმანიამ ნიდერლანდებს ნებართვა მისცა, რომ უკრაინაში გაგზავნონ 400 სარაკეტო ყუმბართმტყორცნი.
მანამდე, გერმანია არ გასცემდა ნებართვას, რომ კონფლიქტის ზონაში ის ლეტალური იარაღი გაეგზავნათ, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნორბერტ რეტგენმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას:
„მე იარაღის მიწოდების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღია დარჩენილიყო. ეს დასრულდა. ახლა თავდაცვაა საჭირო. ჩვენ უკრაინას უნდა მივცეთ ყველა იარაღი, რაც შეგვიძლია“.
იხილეთ ასევე: 27 ქვეყანა უკრაინას იარაღს, მედიკამენტებს და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს