„კავკასიას სამართლიანობა უყვარს, კრემლი უღირსად იქცევა!“: ომის მოლოდინი და მდუმარე პროტესტი რუსეთში

23-02-2022 17:59:46 კავკასია ,რეპორტაჟი

მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეთავაზებულ დიპლომატიას უკრაინის ტერიტორიების „სუბიექტებად“ აღიარებით (მით უფრო, ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში) უპასუხა და მიიღო გადაწყვეტილება, ჯარი ოფიციალურად განათავსოს ოკუპირებულ ნაწილებში, პროცესზე დმკვირვებლებს დეესკალაციის იმედები გაუქარწყლდათ. როგორც დაანონსდა, დასავლეთი სანქციებისთვის ემზადება, უკვე გამოცხადდა პირველი ეტაპის შესახებაც და ცხადია, რომ „ტკივილს“ – როგორც ეს აშშ–ის პრეზიდენტმა ახსენა, გაიზიარებენ არა მხოლოდ რუსი დეპუტატები და ავტორიტარული რეჟიმის რიგი ფინანსური წყაროები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ისედაც წუხან ცხოვრების დონის გაუარესების გამო, თუმცა, მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა კრემლის მიდგომებს, მათი პროტესტის ხმა სუსტად ისმის.

მაინც რატომ დუმან რუსები, დაახლოებით მსგავსი შინაარსის კითხვა რუსული მედიის საშუალებით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმაც დასვა.

„პუტინს ომი სურს, მაგრამ მე ის მაკვირვებს, რუსებს რაში სჭირდებათ უკრაინელებთან ომი?! ომის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტზე მხოლოდ ექვსი ადამიანი იდგა. მაპატიეთ, მაგრამ გაოცებული ვარ: თუ თქვენს მოძმე უკრაინელებთან ომი არ გსურთ, მაშ პროტესტზე ათასობით ადამიანი რატომ არ იყო? რატომ სხედხართ, როდესაც თქვენი ლიდერი ომს არაფრის გამო იწყებს უკრაინელების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს აშავებენ? თქვენი შვილები დაიღუპებიან! რატომ არ არის ამის წინააღმდეგ დიდი პროტესტი, ეს არ მესმის. დიდხანს ვცხოვრობდი თქვენთან – 8 წელი. ადრე ვფიქობდი, რომ რუს ხალხს მეტ–ნაკლებად გავუგე, როგორც ჩანს რაღაც არ მესმის. უკაცრავად, ეს თქვენი ომია! რუსეთი იწყებს ომს უკრაინის წინააღმდეგ! ეს თქვენი ქვეყანაა და არა ჩემი! ამას გეუბნებით, რადგან მწარე გამოცდილება მაქვს: 20 წლის წინ ჩემი პრეზიდენტი (რატომ, გაუგებარია) იბრძოდა ერაყელების წინააღმდეგ და ეს საშინელება იყო. იქ იყო დოქტატურა, საკუთარი ხალხი გაანადგურეს, ბატონი ზელენსკი კი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტია. თქვენ მას გაანადგურებთ? და რატომ?!“.

საპასუხოდ რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, რომელთაც სამწუხაროდ, არც თუ ფართო აუდიტორია ჰყავთ, განსხვავებით კრემლის პროპაგანდისტული არხებისგან, ამბობენ, რომ რუსეთში ქუჩის პროტესტს გაცილებით მაღალი ფასი აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გაუარესებული ვითარების გამო და მაგალითად მათ შორის მაკფოლის მიერ ნახსენები იმ ექვსი თამამი ადამიანის ბედიც მოჰყავთ, რომლებიც რესპრესიებს დაუქვემდებარეს, ვინაიდან დუმილს ქუჩაში საპროტესტო პლაკატით გასვლა არჩიეს.

რუსი ოპოზიციონერი ალბერტ ესედოვი კი ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, მათ შორის მმართველ პარტიაშიც არსებობენ ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის მომიზეზებით ან სხვა საბაბით აარიდეს თავი ლუგანსკის და დონეცკის „აღიარების“ თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირებაში საკუთარი „წვლილის“ შეტანას და სანქციებსაც გაექცნენ.

მისივე თქმით, ომის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ მასობრივი შიდა წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს.

„რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც გაბედეს კრემლის პოლიტიკისადმი საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა, ალბათ, რეპრესიების ახალი ტალღის მოლოდინში არიან“,– ამბობს რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის „მემორიალის“ წარმომადგენელი ინგუშეთიდან ტიმურ აკიევი და მაგალითად მასაც ერთკაციან პიკეტზე განვითარებული მოვლენები მოჰყავს.

უფლებადამცველის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, ინგუშები მზად იყვნენ კრემლის ამბიციებს შესწირონ თავიანთი ცხოვრების ისედაც ბადალი ხარისხი.

„რესპუბლიკაში უმუშევრობის დონე მაღალია, ასევე მაღალია ფასები, მათ შორის კომუნალური. ჩემს ნაცნობთაგან ბევრს თავი თვიდან თვემდე ძლივს გააქვს. ინგუშეთი თავადაა დოტაციაზე დამოკიდებული და მისი შემცირება ადამიანებზე მნიშვნელოვნად აისახება“,– აღიარებს უფლებადამცველი და დასძენს, რომ ვინაიდაინ მოქალაქეებს სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვთ, თავიანთი რწმენის ფარგლებში უნდა დარჩნენ და ისაუბრონ ამ უთანხმოებაზე.

„ჩვენ რეგულარულად გახორციელებთ საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგს ჩეჩნეთსა და სხვა რესპუბლიკებში, ამიტომ, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრები უკრაინელებს მხარეს არიან. პირველი შეჭერიდან მოყოლებული ხალხს, მათ შორის კაზაკებს, ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ კრემლის პოლიტიკის მიმართ. საუბარია არა მხოლოდ აქტივისტებზე, უფლებადამცველებზე, არამედ რიგით მოქალაქეებზე“,– ამბობს „კავკასიელი ხალხის ასამბლეის“ პრეზიდენტი რუსლან კუტაევი.

მან ყურადღება გაამახვილა სახელისუფლებო ექსპერტების მიერ ხშირადგამოყენებად ფრაზაზე, „კავკასიას ძალა უყვარს“ და მის სიმცდარეს გაუსვა ხაზი:

„კავკასიას სამართლიანობა უყვარს და კავკასიელები სწორედ ამ პრიზმაში განიხილავენ ნებისმიერ მოვლენას. ამიტომაც, აცნობიერებენ რა, რომ რუსეთი უკრაინის ტერორს ახორციელებს, ექცევა უსამართლოდ და უღირსად, კატეგორიულად არ უჭერენ მხარს მის ამ მოქმედებებს“.

უკრაინის საზღვრებთან მათ შორის ჩეჩენი სამხედროების მობილიზების თაობაზე კი კუტაევი ამბობს, რომ ისინი ფედერალური სტრუქტურების თანამშრომლები არიან.

სხვათა შორის, როგორც დონბასის მკვიდრები აღნიშნავენ, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადაადგილდებიან ჩეჩენი სამხედროები, რომლებიც რიგითი მოქალაქეების იძულებით მობილიზებას ახდენენ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში.

ლუგანსკისა და დონეცკის „სუბიექტებად“ აღიარებაზე საუბრისას, ყალმუხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ „კოლეგებსა და ნაცნობებს შორის აღარავის სჯერა უკრაინის შეჭრასთან დაკავშირებული ცირკის“:

„პირველ დღესვე ვიგრძენით რუსულ ბაზარზე ვარდნა და ეს ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე იყო. როგორც რიგითი მოქალაქე, აღშფოთებული ვარ, თუ რა რაოდენობის თანხას გამოყოფს ხელისუფლება დონბასისთვის, რომელიც ახლოსაც არ მოდის იმასთან, რასაც ფედერალური ცენტრი ჩვენს რესპუბლიკაში რიცხავს“.

ეკატერინე სალოვა, რომელმაც ომის წინააღმდეგ ერთკაციანი აქცია გამართა, იხსენებს, რომ ბევრმა ადამიანმა მას გულგრილად აუარა გვერდი, რამდენიმე კი მასთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი ხედვით, ომზე გაწეულმა ხარჯმა და სანქციებმა შესაძლოა, ფასებზე მყისიერად იმოქმედოს, რაც სოციალურ დაძაბულობას შექმნის, თუმცა ზომებიც მიიღება იმისთვის, რომ პროტესტი დეზორგანიზებული იყოს:

„ნავალნის სავარაუდოდ, 15–წლიან პატიმრობას მიუსჯიან, რათა სხვა ლიდერობის მსურველები დააშინონ. ამიტომ, ადამიანები შეეცდებიან, პოლიტიკურ მოთხოვნებს გვერდი აუარონ. ხოლო სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ლოკალური პროტესტები ადვილად გადაიფარება დაპირებებით“.

მიუხედავად ამისა, ის სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაში დარწმუნებულია:

„მეც მეშინია, მაგრამ ვცდილობ, გამოვიდე და რაღაც ფორმით მივიღო ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა. ეს ჩემი ქვეყანაა, აქ უნდა ვიცხოვრო. უნდა ვიბრძოლოთ მომავლისთვის, რომელსაც მე და ჩემს თანატოლებს გვართმევენ. თუ არა მე, მაშ ვინ?!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები