გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "რუსული გაზის გარეშეც შეგვიძლია ჩვენი ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილება"
23/02/2022 11:34:04 მსოფლიო
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ქვეყანას შესწევს უნარი, მისი ენერგომოთხოვნილება დააკმაყოფილოს.
"რუსული გაზის გარეშეც შეგვიძლია ჩვენი ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილება", – განაცხადა მან გერმანულ რადიოსთან ინტერვიუში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარა, გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის: გერმანიასრუსეთიდან უკვე შემოაქვს მისთვის საჭირო ბუნებრივი აირის 35% და ბერლინი "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის განხორციელების შემდეგ ამ მოცულობის 70%–მდე გაზრდას გეგმავდა.
2006 წელს რუსეთმა უკრაინასთან ფინანსური დაპირისპირების გამო შეწყვიტა გაზის მიწოდება უკრაინის გავლით, რამაც გამოიწვია მწვავე ენერგო დეფიციტი ზამთრის პერიოდში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სადღეისოდ არსებობს შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა, კვლავ შეაჩეროს გაზის მიწოდება პოლიტიკური მიზეზების გამო.
21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა. მოგვიანებით, კი აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, აშშ–მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


