ვლადიმერ პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა
21/02/2022 19:38:52 მსოფლიო
პუტინმა ფედერაციის საბჭოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირების თხოვნით მიმართა.
„ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინანაღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა.
მან ასევე მეორე - მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირების მოთხოვნით მიმართა ფედერაციის საბჭოს.
დღესვე პუტინმა დონეცკისა და ლიგანსკის ე.წ. რესპუბლიკების სეპარატისტ ლიდერებთან დენის პუშილინთან და ლეონიდ პასეჩნიკოვთან "მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს" მოაწერა ხელი.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ აშშ რუსეთს "სწრაფ და მტკიცე პასუხს" იმ შემთხვევაშიც დაჰპირდა, თუ რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკს აღიარებდა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელზეც „ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს“ განიხილავენ. თუმცა პუტინის მიერ ფედერაციის საბჭოსადმი მიმართვის შემდეგ უცნობია გაიმართება თუ არა კვლავ აღნიშნული შეხვედრა.


