"პუტინმა მიიღო კიდევ ორი ყირიმი, მყისიერი რეაგირებაა საჭირო, არ დაგავიწყდეთ, უკრაინელები სისხლით იხდიან ჩვენი სიხარბისა და სიმხდალის საფასურს"
21/02/2022 19:08:58 მსოფლიო
"ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი, ბრიტანელი პოლიტოლოგი ედვარდ ლუკასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შესაძლო აღიარების საკითხს ეხმიანება და დასავლეთს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
იგი მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა ამოქმედდეს მოსკოვის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები, ხოლო თუ დასავლეთი ამას ახლა არ გააკეთებს, ანალიტიკოსის ვარაუდით, ევროპა ბევრად უარეს ვითარებაში აღმოჩნდება.
"პუტინმა კლასიკური სატყუარა გაათამაშა – ერთით შეგვაშინა, მეორე რომ მიეღო. ეს მეორე უკრაინის შემდგომი დანაწევრება და იქ რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობაა – ფაქტობრივად, მიიღო კიდევ ორი ყირიმი. ჩემი აზრით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები თვეების წინ, უფრო სწორად, წლების წინ უნდა დაგვეწყო. პუტინი აქვს გათვლა (ალბათ სწორადაც), რომ დასავლეთი ამოიხვნეშებს და მეტს არაფერს გააკეთებს. თუ ასეა, იგი მინიმალურ ფასად მიიწევს წინ გეოპოლიტიკური ტროფეით (და არ დაგავიწყდეთ სხვა მოგებაც, მაგალითად, ბელარუსი). პუტინმა ასევე გამოავლინა დასავლეთის სისუსტე და განხეთქილება და უკრაინის მარტოობა.
ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება, კერძოდ, ევროკავშირში/ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების გზის გარკვევა; უკრაინისთვის დიდი ფინანსური/სამხედრო დახმარება, რუსი ელჩების გაძევება, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის გაუქმება, [რუსეთის გარკვეული მოქალაქეებისთვის] ვიზების სრული აკრძალვა/აქტივების გაყინვა, "როსნეფტის" გაგდება ლონდონის საფონდო ბირჟიდან და სხვა ქმედებები. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით და არ დაგავიწყდეთ, უკრაინელები სისხლით იხდიან ჩვენი გულუბრყვილობის, სიხარბისა და სიმხდალის საფასურს", – აცხადებს ანალიტიკოსი.


