უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "აგრესორი ვერც კიევს აიღებს, ვერც ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერცერთ სხვა ქალაქს"
12/02/2022 18:00:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზად არიან მოიგერიონ აგრესორი.
„ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს თვალებში ჩვენი მებრძოლებისთვის, დარწმუნდება, რომ 2014 წელი არ განმეორდება და აგრესორი ვერ აიღებს ვერც კიევს, ვერც ოდესაც, ვერც ხარკოვს და ვერც ერთ ქალაქს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოსაგერიებლად და არ დათმობენ უკრაინის მიწას“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.
იხილეთ ასევე: რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ.


