ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა
12/02/2022 18:11:16 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი იმ შედეგების თაობაზე გააფრთხილა, რაც კრემლის უკრაინაში შესაძლო შეჭრას მოჰყვება. ამის შესახებ თეთრის სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრას განახორციელებს, შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცედ და სწრაფად უპასუხებს და რუსეთს ეს შეჭრა ძვირი დაუჯდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ფართო ადამიანურ დანაკარგს და დაასუსტებს რუსეთის პოზიციებს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავდ იმისა, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით მზადაა, ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, ჩვენ თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარისთვისაც", – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.
იხილეთ ასევე: რომელი ქვეყნები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ.


