Accentnews.ge
შავი ზღვის რეგიონში დაანონსებულ ნატო–ს ბატალიონს საფრანგეთი უხელმძღვანელებს

შავი ზღვის რეგიონში დაანონსებულ ნატო–ს ბატალიონს საფრანგეთი უხელმძღვანელებს

11/02/2022 11:50:42 მსოფლიო

შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ რუმინეთში ალიანსის წარმოდგენილობა იზრდება. შესაბამისი განცხადება ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქვყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ მიხაილ კოგალნიცეანუს სახელობის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.

"რუმინეთი მარტო არ დგას. აქ არიან გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები, რათა დაიცვან ყველა მოკავშირე და დაგეხმარონ თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ ნატო–ს საჰაერო პატრულირების მისია. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ათასი ამერიკელი ჯარისკაცი განლაგებულია ამ ბაზაზე. ამ ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება. შავი ზღვისდან ბალტიამდე მოკავშირეები მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით აძლიერებენ ნატო–ს წარმოდგენილობას ამ დაძაბულ პერიოდში. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს ნატო–ს საბრძოლო ბატალიონს რუმინეთში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხლ გაიმეორა, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და მისი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა.

მისი თქმით, ნატო მზადაა, დაიცვას რუმინეთი და ალიანსის ყველა სხვა მოკავშირე.

"ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინაში და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე", – დასძინა მან.

მისი თქმით, შავი ზღვა ნატო–სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია:

"ნატო–ს სამი მოკავშირე არის ზღვისპირა სახელმწიფოები ისევე, როგორც ჩვენი ახლო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას ნატო–სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

ამასთან, სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვის მზაობა კიდევ ერთხელ გამოთქვა. თუმცა იქვე დასძინა, რომ "ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე".

"ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ მოვიწვიე რუსეთი, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ნატო-რუსეთის საბჭოში, რათა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები, მათ შორის რისკის შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე.თითოეული ერის უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო–ს აქვს უფლება დაიცვას მისი ყველა წევრი.ნატო–ში პირველი და მეორე კლასის წევრები არასოდეს იქნებიან. არსებობენ მხოლოდ ნატო–ს წევრები. გაერთიანებული როგორც ერთი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.

ალიანსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბატალიონები "ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალებია".

გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.

ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S