Accentnews.ge
აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები (რუქა)

აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები (რუქა)

10/02/2022 08:18:46 მსოფლიო

აღმოსავლეთ ევროპაში ნატო–სა და აშშ–ის ძალები ჰყავთ განლაგებული. კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ, 2016 წელს ნატო–მ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უპრეცედენტო გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, 2019 წელს აშშ–მა ლიეტუვაში, რუმინეთსა და პოლონეთში საკუთარი ბაზები განათავსა.

ნატო–ს ძალები აღმოსავლეთ ევროპაში

აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.

ალიანსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბატალიონები "ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალებია".

ცოტა ხნის წინ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მზად არის სწრაფად გააძლიეროს ეს წარმოდგენილობა რეგიონში დამატებითი ძალებისა და შესაძლებლობების გაგზავნით.

ნატოელი ჯარისკაცის რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპაში

  • პოლონეთი – 1200
  • ესტონეთი – 1200
  • ლიეტუვა– 1200
  • ლატვია – 1200

გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.

ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

ამერიკელი ჯარისკაცის რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპაში

  • პოლონეთი – 5700
  • ლიეტუვა– 450
  • რუმინეთი – 900

ცოტა ხნის წინ აშშ–მა განაცხადა, რომ ევროპაში აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად დამატებით 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გზავნის. 300 სამხედრო გერმანიაში, 1700 პოლონეთში, ხოლო 1 000 რუმინეთში განთავსდება.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის 12 000–მდე ნატოელი და ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული აღმოსავლეთ ევროპაში.

ნატო–აშშ და უკრაინა

ნატო–ს არ ჰყავს ჯარები უკრაინაში და არც იგეგმება ალიანსიდან ჯარების ქვეყანაში გაგზავნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ნატო–ს წევრი, ალიანსი ქვეყანას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს.

რაც შეეხება აშშ–ს, პენტაგონის განცხადებით, მხოლოდ 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით, 450 მლნ დოლარის ოდენობის სამხედროს დახმარება გაუწია, მათ შორის მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალის პაკეტის მიწოდებით 2021 წლის დეკემბერში.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ზალების თავმოყრის ფონზე საბრძოლო მასალის მორიგი პაკეტი კიევმა ვაშინგტონისგან გუშინაც მიიღო.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S