ნატო საბრძოლო ბატალიონის განთავსებას შავი ზღვის რეგიონშიც გეგმავს
10/02/2022 13:56:30 მსოფლიო
ნატო საბრძოლო ბატალიონის განთავსებას შავი ზღვის რეგიონშიც გეგმავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბფრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ გვყავს საბრძოლო ბატალიონები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს ჩვენს ბატალიონს ესტონეთში, მაგრამ ასევე ზრდის ბრიტანულ წარმოდგენილობას პოლონეთში. ამასთან, ჩვენ ახლა განვიხილავთ მსგავსი საბრძოლო ბატალიონის არსებობას, შავი ზღვის რეგიონში, მაგალითად, რუმინეთში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ ევროპის რომელ ქვეყნებში აქვთ განთავსებული ნატო–სა და აშშ–ის აღჭურვილობა და ძალები.
აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ალიანსს 4 მრავალეროვანი ბატალიონი ჰყავს განლაგებული, რომლებიც როტაციის საფუძველზე მოქმედებენ. ესტონეთის ბატალიონს გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს, ლატვიისას – კანადა, ლიეტუვისას – გერმანია და პოლონეთისას – აშშ.
ალიანსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბატალიონები "ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალებია".
გარდა ამისა, ნატო–ს საჰარო წარმოდგენილობა აქვს ესტონეთსა და ლიეტუვაში, სადაც საერთო ჯამში, 22 მოიერიშე თვითმფრინავია განთავსებული.
ამასთან, ნატო–ს რუმინეთში უკვე აქვს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ხოლო პოლონეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.


