აშშ ბრიტანეთ–პოლონეთ–უკრაინის ახალ ალიანსს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
09/02/2022 07:20:19 პოლიტიკა, მსოფლიო
აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მიერ დაანონსებულ ახალ ალიანსს,– ამის შესახებ "აქცენტს" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვითარების დეესკალაციისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას და მოლაპარაკებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დიპლომატიური გზით მოგვარებას. აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს პროგრესის მისაღწევად გაწეულ ნებისმიერ გულწრფელ ძალისხმევას. ამავდროულად, ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევკრიბეთ მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის გაზრდის საპასუხოდ. ჩვენ ერთიანი ვართ და მზად ვართ, მტკიცედ და ერთად ვუპასუხოთ ყველაფერს, რასაც რუსეთი გააკეთებს", – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.
ამასთან, აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და მას შემდეგ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე", – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.
ამავე თემაზე: ახალი ფორმატი რეგიონში: არის საქართველოს ადგილი სამეულთან?
რეგიონში აქტიური ბრიტანეთი და საქართველოს შანსი ახალი კავშირებისთვის.


