Accentnews.ge
რეგიონში აქტიური ბრიტანეთი და საქართველოს შანსი ახალი კავშირებისთვის

რეგიონში აქტიური ბრიტანეთი და საქართველოს შანსი ახალი კავშირებისთვის

07/02/2022 18:38:57 ანალიზი

ლონდონის, უკრაინის და პოლონეთის ჩართულობით დაანონსებული ახალი ფორმატისადმი ინტერესს პროცესით დაინტერესებული ქართული აუდიტორიისთვის ახალი იმპულსი შესძინა რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტის ხანმოკლე ვიზიტმა. სხვა დროსა და ვითარებაში მასში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, თუმცა სადღეისოდ მის მნიშვნელობას სწორედ რომ კონტექსტი აძლიერებს: უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი; დასავლეთის მცდელობა, დიალოგის პროცესში ჩართოს კრემლი; თავის მხრივ თბილისი ცდილობს, იმგვარად დაუჭიროს მხარი მეგობარ სახელმწიფოს, რომ არ „მიიპყროს“ ოკუპანტი სახელმწიფოს ყურადღება; უკრაინა კი გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთთან თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის.

მართალია, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე ამის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ საუბარი ახალ ფორმატსაც შეეხებოდა და მოითხოვენ თბილისისგან აქტიურობას ამ და ზოგადად მინი–ალიანსების მიმართულებით (მხარდამჭერთა „მოძიება“ კი, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაშია შესაძლებელი.), ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატო–ს წევრობით გახდება შესაძლებელი მით უფრო რომ ალიანსი მსგავს კავშირებს სეპარატიზმად არ აღიქვამს და ამას ნატო–ს შიგნით არსებული კავშირებიც მოწმობს. ცხადია, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიზიდულობის მთავარი ცენტი გაერთიანებული სამეფოა, რომლის აქტიური როლიც აშკარად გამოიკვეთა უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე რუსეთის შეკავების კონტექსტში.

ქართველ ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ თბილისმა უნდა ისარგებლოს მომენტით, რომ ბრიტანეთი აღარაა შეზღუდული საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებით, იმუშაოს ინიცატივებზე და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მისი ინტერესების ზრდას რეგიონში.

როგორია ბრიტანეთის როლი რეგიონში?

„გაერთიანებული სამეფო არის პასუხისმგებლიანი ერი, რომელსაც ესმის ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელოვნება. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთს, როგორც ნატო–ს წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამი ქვეყნის – თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის კოლექტიურ უსაფრთხოებაში“,– ამბობს „აქცენტთან“ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ბენ ჰოჯესი.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი რუსეთის შეკავების კონტექსტში ბრიტანეთის როლს სამაგალითოს უწოდებს:

„ტრადიციულად დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ჩვენი უახლოესი მოკავშირე და ძლიერი აქტორი საერთაშორისო არენაზე. ჩემი აზრით, კრემლიდან წამოსული დაშინების მიმდინარე რაუნდში დიდი ბრიტანეთი სამაგალითო იყო. ჯერ კიდევ გაზაფხულზე დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო ხომალდი გაგზავნა შავ ზღვაში. ახლა უკრაინაში იარაღს გზავნის და უკრაინასთან და პოლონეთთან შეთანხმებას აფორმებს უსაფრთხოების შესახებ“.

რატომ არის საინტერესო ლონდონ–კიევ–ვარშავის ალიანსი?

უშუალოდ ალიანსის შესახებ ჯერ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, რომელიც 1 თებერვალს ბრიტანელ კოლეგაზე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა კიევს, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობის ფორმატის საფუძვლად რეგიონის უსაფრთხოება უნდა იქცეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალი ფორმატის შექმნას საფუძვლად უდევს არა გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ „საერთო პრინციპები“ და გამოწვევები, რომელთა შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაც იგულისხმება:

„ვარშავა, კიევი და ლონდონი არა მხოლოდ რეალისტურად აფასებენ ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებს და რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, არამედ ასევე ფლობენ სამმხრივი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, - კერძოდ, განახლებადი ენერგიის გამომუშავების - მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით ატლანტიკის, ბალტიისა და შავი ზღვის გაერთიანებით, ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისათვის“.

ბენ ჰოჯესი რეგიონში გაერთიანებული სამეფოს ლიდერობას მიესალმება:

„ამ ალიანსის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მივესალმები მას და გაერთიანებული სამეფოს ლიდერობას რეგიონში. მე მხარს დავუჭერ ყველა საქმიანობას, რომელიც აძლიერებს უკრაინას ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით“.

ჰერბსტის ხედვით კი, „ეს ალიანსის კიდევ ერთი დადასტურებაა დასავლეთის მზარდი მხარდაჭერისა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან მიმდინარე მზარდი აგრესიის ფონზე“.

არის საქართველოს ადგილი სამეულთან და როგორ შეიძლება, განისაზღვროს მისი როლი?

„საქართველომ შავი ზღვის რეგიონში შექმნილი კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, რათა ნათლად აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიულად საქართველო დასავლეთისთვის,– ამბობს ჰოჯესი და იქვე განმარტავს, რომ „საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აქცევს მას ევროპასა და ევრაზიას შორის ხიდად. მისი ლოკაცია რუსეთის გვერდით აქცევს ქვეყანას ღირებულ წყაროდ იმის გასაგებად, თუ რა ხდება რუსეთსა და შავ ზღვაში“.

ჰოჯესის ანალიზის მიხედვით, „საქართველო უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ "ღია იყოს ბიზნესისთვის“, მათ შორის ფინანსური და სასამათლო პროცესების გამჭვირვალობის კუთხით“:

„საქართველომ უნდა დაიწყოს ინტენსიური ძალისხმევა ინფრასტრუქტურის (საზღვაო ნავსადგურები, აეროპორტები, რკინიგზა, მილსადენები, ელექტროენერგია) გასავითარებლად, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S