მედია – უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
08/02/2022 11:42:24 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბაერბოკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელიც 7 თებერვალს კიევში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად "დღის წესრიგის არასწორი დაგეგმვა" დასახელდა თუმცა, უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ზელენსკიმ ჩაშალა.
"შეხვედრა არ შედგა იმის გამო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა მკაფიოდ ეთქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის განხორციელებაზე უარს იტყოდა. კიდევ ერთი მიზეზი გერმანიის მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის არმიწოდებაა", – განუცხადა გამოცემას უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს CNN–ის ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუსვა:
"თქვენ და თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ცალსახად არ ასუხობთ კითხვას, იტყვის თუ არა გერმანია უარს "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ვნახეთ, რომ ამ საკითხთს „სტრატეგიულ გაურკვევლობას“ უწოდებთ. და ამ "სტრატეგიულმა გაურკვევლობამ" პრეზიდენტი ზელენსკი ისე გააბრაზა, რომ იგი არც კი შეხვდა კიევში მყოფ თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს".
საპასუხოდ შოლცმა აღნიშნა: „არ ვიცი არის თუ არა ეს სიმართლე“ და დასძინა, რომ ბაერბოკი ამჟამად უკრაინაში იმყოფება ადგილზე ვითარების გასაცნობად.
ამასთან, მან თქვა, რომ გერმანია ნატო–ს და ევროკავშირსა და აშშ–სთან ერთად მუშაობს, რათა შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ისინი ერთობლივად გადადგამენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.
კიევში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ანნალენა ბაერბოკი შეხვდა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას. ზელენსკისთან გაუქმებული შეხვედრის ნაცვლად, დაიგეგმა მისი შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. დღეს ბაერბოკი აპირებს, აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზი მოინახულოს.
იხილეთ ასევე: შოლცისგან განსხვავებით, ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2" აღარ იარსებებს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


